საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო
პროექტები
პროექტები

 მართვის მოწმობაში სისხლის ჯგუფის და რეზუსის ასახვა

    2013 წლის ნოემბრიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაში ნებაყოფლობით აისახება მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. ამისთვის, დაინტერესებული პირი წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს, სადაც მითითებული იქნება ზემოთ აღნიშნული მონაცემები.


თანამედროვე სტანდარტებით მოდერნიზებული სარეგისტრაციო დარბაზი

        2013 წელს შსს-ს მომსახურების სააგენტოს თბილისი - წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ-ზე მდებარე სტრუქტურული ერთეული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. რამაც მომხმარებელს საშუალება მისცა ისარგებლოს ერთ სივრცეში განლაგებული სხვადასხვა მომსახურებით, კერძოდ კი სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეგისტრაციის, გადაფორმების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების, მოწმობის შეცვლა-აღდგენის, უცხო ქვეყნის მართვის მოწმობის შეცვლის, იარაღის რეგისტრაცია-გადაფორმებისა  და მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობების (ნასამართლობა, სამართლებრივი მდგომარეობა, საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთა, ლეგალიზაცია და აპოსტილი) აღების სერვისებით.

ასევე მოქალაქეთა დახმარების მიზნით, 2014 წლიდან შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზში ამოქმედდა საინფორმაციო ცენტრი, რომლის თანამშრომლებიც დაინტერესებულ პირებს სრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან სასურველი სერვისის შესახებ.


კითხვარი  მოქალაქეებისთვის

მომხმარებელთა აზრის გასათვალისწინებლად და სერვისის გაუმჯობესების მიზნით, 2013 წლიდან მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურებში (სხვადასხვა განყოფილებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით) განთავსდა  კითხვარები. კითხვარი მომზადებულია 3 ენაზე (ქართული, რუსული და ინგლისური) და შეიცავს, როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის კითხვებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი მოსაზრებები სრულყოფილად გამოხატონ.


მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომიტეტში (CIECA) გაწევრიანება

2014 წელს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიაში (CIECA) გაწევრიანდა, რომელიც  სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდების წესებზე დაკვირვებას ახორციელებს და საგამოცდო პროცესის დამკვირვებელთა (გამომცდელთა) თანამედროვე სტანდარტებით  გადამზადებას უზრუნველყოფს.


მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების ჩაბარება ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე

2014 წლის 1 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის  მისაღები გამოცდების ჩაბარება შესაძლებელია როგორც მექანიკურ, ასევე ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე. მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული აღჭურვილია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ შეარჩიონ სასურველი გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალება. მართვის მოწმობის მფლობელს, რომელმაც გამოცდა ჩააბარა ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, ეძლევა უფლება  მართოს მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე ავტომობილი და მის სახელზე გაიცემა მართვის მოწმობა შესაბამისი აღნიშვნით.


პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელთათვის მოსაცდელი ადგილის მოწყობა

2014 წლის იანვრიდან პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელთათვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით მოსაცდელებში დამონტაჟდა სპეციალური გამათბობელი და კონდიცირების სისტემები. რაც უზრუნველყოფს საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას, როგორც სიცხეში, ასევე სიცივეში.


მართვის მოწმობის მოქმედების ვადები, მოწმობის შეცვლის, აღდგენისა და გაცემის წესები

2014 წლის 1 მარტიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო კონკრეტული ვადებით. კერძოდ, „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიები, (ქვეკატეგორიები) მოქმედების ვადა განისაზღვრა 15 წლით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), მოქმედების ვადა - 5 წლით.

 

 

პერსონალური გვერდი მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე

პერსონალურ ვებგვერდზე (mypage.sagency.ge) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს საშუალება ეძლევა მოიძიოს ინფორმაცია საკუთარ სახელზე გაცემული მართვის მოწმობის, რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის  შესახებ, ისარგებლოს განბაჟების კალკულატორით, მოიძიოს და დაჯავშნოს მისთვის სასურველი სანომრე ნიშანი  და ელექტონული ფორმით შეავსოს განაცხადი ნასამართლობის და სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამასთან, უახლოეს მომავალში, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პირებს საშუალება ექნებათ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმის განაცხადის შევსების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობა ან/და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა  შეცვალონ ან დაკარგული აღადგინონ.


„რიგის სისტემა“

2014 წლის აპრილიდან დაინერგა ე.წ რიგის სისტემა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ცოცხალი რიგის გვერდის ავლით, რიგის ნომრის საშუალებით მოკლე დროში მიიღოს სასურველი მომსახურება.


მომსახურების სააგენტოს ახალი ვებგვერდი

2014 წლიდან ამოქმედდა მომსახურების სააგენტოს ახალი დიზაინისა და შინაარსის ვებგვერდივებგვერდზე განთავსებულია განახლებული და ამომწურავი ინფორმაცია სერვისების შესახებ, ასევე დაიხვეწა  სხვადასხვა  ელექტრონული სერვისები. ამ ეტაპისათვის ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ დარეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება ეძლევა მოიძიოს ინფორმაცია საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების და გაცემული მართვის მოწმობების შესახებ, გააკეთოს განაცხადი სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, ნასამართლობის და .. შესახებ ცნობების მისაღებად, დაჯავშნოს სასურველი სანომრე ნიშანი და . .


ტრენინგი თანამშრომლებისთვის

2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა ტრენინგი მომსახურების ხარისხის სტანდარტსა და სტრესისა და კონფლიქტის მართვაში გაიარა. ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა. გადამზადებაზე საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ეფექტიანი მომსახურება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, პროფესიული სტრესი, კონფლიქტები და მათი მართვის სტრატეგია. სხვადასხვა როლური თამაშებისა და ლოგიკური დავალებების დახმარებით სააგენტოს თანამშრომლები მომავალში უკეთ შეძლებენ მოქალაქეებთან ურთიერთობასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებას.


ევროსტანდარტის ახალი სანომრე ნიშნის შემოღება

2014 წლის 1 სექტემბრიდან ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები გაიცემა. სატრანსპორტო საშუალებებზე სანომრე ნიშნების ფორმა და დიზაინი ევროსტანდარტების მიხედვით შეიცვალა. სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, მარცხენა ქვედა კუთხეში - ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE). შეიცვალა ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც: მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ წყვილ ციფრებს შორის მოქცეული იქნა სამი ლათინური სიმბოლო, რაც მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალებას მისცემს. სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, მარჯვენა ქვედა კუთხეში - ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE). უსაფრთხოების მაქსიმალური უზუნველყოფის მიზნით, ახალ სანომრე ნიშნებს აქვთ ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

 

ახალი 3D ფორმატის ბილეთები

2014 წლის 15 დეკემბრიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოში მძღოლობის კანდიდატები მართვის მოწმობის გამოცდას ახალი 3D ბილეთებით აბარებენ.

   ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე.  გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და  გაანალიზების საშუალება ეძლევა.

  ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა. თეორიული გამოცდის ახალი ტესტების ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია შეიცვლება, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს. 

 

       

    გამოცდა იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში

     იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას აბარებენ.

   იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, გაზის (აირის) იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ჩააბარებენ. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს.